ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, ცესკოს თავმჯდომარის მიერ 2016 წლის განმავლობაში მიღებულმა ძირითადმა ხელფასმა 66 000 ლარი, ხოლო პრემია-დანამატებისა და საარჩევნო პერიოდში გაცემული დამატებითი ხელფასის სახით გაცემულმა თანხამ კი 131 307 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ერთ თვეში, - 2016 წლის ოქტომბერში, - თამარ ჟვანიას ანაზღაურება 27 500 ლარი იყო.
გაზეთ „ბათუმელების“ მიერ გავრცელებული მასალის მიხედვით, თამარ ჟვანიამ 2017 წლის იანვარში, მარტში, აპრილსა და ივნისში 11 ათასი ლარი მიიღო, სექტემბერში - 16 500 ლარი, ოქტომბერში - 22 000 ლარი, ხოლო ნოემბერში - 15 766 ლარი.
2016 წელს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ 168 608 ლარი მიიღო, რაც თვეში საშუალოდ 14 050 ლარია, ხოლო კომისიის მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა 165 021 ლარი, ანუ თვეში საშუალოდ 13 751 ლარი.
იმავე წელს ცესკოს კომისიის წევრების, თანამდებობის პირებისა და ხელშეკრულებით დასაქმებული მოსამსახურეების შრომის ანაზღაურებისთვის ჯამში 9 436 279 ლარი დაიხარჯა. მათ შორის, ხელფასების სახით გაცემულმა თანხამ 4 990 054 ლარი, დანამატებმა 2 969 058 ლარი,1 477 167 ლარი კი პრემიის სახით იქნა გაცემული.